შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის მერვე განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ნინო კ. და 1988 წელს დაბადებული ანრი ჯ. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ნინო კ. სოციალური ქსელის საშუალებით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, მამაკაცებს შეხვედრას სთავაზობდა, „აჭარაბეთი“-ს საკუთარ ანგარიშზე მათ სხვადასხვა ოდენობის თანხას წინასწარ არიცხვინებდა და თანამზრახველ ანრი ჯ-სთან ერთად ფულს თაღლითურად ითვისებდა. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დაკავებულებმა 14 სხვადასხვა მოქალაქის კუთვნილი 775 ლარის ოდენობის თანხა მიითვისეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი ბინიდან პორტატიული კომპიუტერი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).