შინაგან საქმეთა სამინისტროს, პრაღის პროცესის მიზნობრივი ინიციატივის ორგანიზებით მიმდინარე არალეგალური მიგრაციის საპილოტე პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების (რუმინეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი) და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) წარმომადგენლები ეწვივნენ.
შეხვედრის მიზანს მიგრაციისა და რეადმისიის კუთხით საქართველოში არსებული ვითარების გაცნობა წარმოადგენს, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არალეგალური მიგრაციის კუთხით განხორციელებული რეფორმების და სამომავლო გეგმების გაცნობა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან გაფორმებული რეადმისიის საიმპლემენტაციო ოქმებისა და მესამე ქვეყნებთან მოლაპარაკებების პროცესში არსებული რეადმისიის ხელშეკრულებების მიმოხილვა, რეადმისიისა და არალეგალური მიგრაციის კუთხით ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, თანამშრომლობის სფეროების განხილვა.
შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ადმინისტრაციის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, ექსპერტებს დაგეგმილი აქვთ შეხვედრები მიგრაციის სფეროში ჩართული შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.