შსს-ს ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეოთხე განყოფილების და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიტიკური პარტია „რეფორმატორები“-ს ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატ ნუგზარ ჯინჭარაძის კუთვნილი ავტომობილის გაქურდვის ბრალდებით 3 პირი: 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კონსტანტინე ს, 1989 წელს დაბადებული იური ხ. და 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი გ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 15 ივნისს, ბათუმში, ასათიანის ქუჩაზე, ნუგზარ ჯინჭარაძის კუთვნილი ავტომანქანა „ფოლკსვაგენი“-ს ოთხივე საბურავი მოხსნეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ იური ხ-მ ნაქურდალი საბურავები იმავე მარკის საკუთარ ავტომანქანაზე დააყენა.
სამართალდამცველებმა სამივე პირი მომხდარიდან ორ დღეში დააკავეს. მოპარული საბურავები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით).