შინაგან საქმეთა სამინისტრომ 13 უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის 200-მდე სტუდენტს შსს-ს აკადემიაში გამართულ კარიერული განვითარების ფორუმზე უმასპინძლა. ფორუმის მიზანს უწყების მუშაობის შესახებ სტუდენტების ინფორმირება და კვალიფიციური, მოტივირებული კადრების მოზიდვა წარმოადგენდა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და მთავრობის სხვა წევრები ესწრებოდნენ.
კარიერული განვითარების ფორუმზე შსს-ს სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა სტუდენტებს ინფორმაცია კონკრეტული სამსახურის საქმიანობისა და არსებული ვაკანსიების შესახებ მიაწოდეს. სპეციალურად ღონისძიებისთვის მოწყობილ პავილიონებში წარმოდგენილი იყო ფორუმში მონაწილე დეპარტამენტების კუთვნილი ტექნიკა და აღჭურვილობა. აქვე მოეწყო ტაქტიკური წვრთნები.
ფორუმის ფარგლებში, შსს-ს აკადემიაში დისტანციური სწავლების პრეზენტაცია გაიმართა. აკადემიაში, სადაც ხელმისაწვდომია როგორც პროფესიული, ისე უმაღლესი განათლების მიღება, ახალი - დისტანციური სწავლების სისტემა დაინერგა, რაც კურსანტებისთვის საგანმანათლებლო პროცესს კიდევ უფრო მოქნილს გახდის. შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, დაგეგმილია შსს-ს აკადემიის რეგიონულ საპოლიციო საგანმანათლებლო ცენტრად გარდაქმნა, რისთვისაც ქართული მხარე აშშ-სთან მჭიდროდ თანამშრომლობს.
კარიერული განვითარების ფორუმი შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოველწლიურად გაიმართება.