შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეული დაიწყო.
კვირეულის გახსნის ღონისძიებას არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
„გზა დასავლეთისკენ ჩვენი საზოგადოების არჩევანია. ეს არის არჩევანი, რომელიც კანონის პატივისცემაზე გადის და პირველ რიგში, სწორედ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვას გულისხმობს. თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს ის პრობლემაა, რომლის დასაძლევად მხოლოდ სამართალდამცველთა მაქსიმალური ჩართულობაც კი არ არის საკმარისი, თუკი არ იქნება თითოეული მოქალაქის ნება, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს; ნება, რომ კიდევ ერთი, გააზრებული ნაბიჯი გადავდგათ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისკენ! აქ თითოეული ჩვენგანის გადაწყვეტილება უაღრესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კვირეულის პრეზენტაციაზე გიორგი მღებრიშვილმა.
ღონისძიებაზე შს სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნეს საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.
შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, თეა პერტაიამ ისაუბრა სოციალურ კამპანიაზე - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ და კამპანიის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.
ღონისძიებაზე შს მინისტრმა შსს-ს სოციალური კამპანიის აქტიური მონაწილეები და მხარდამჭერები, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის, მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. სიგელები ჟურნალისტებს, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და საზოგადო მოღვაწეებს გადაეცათ.
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში, შსს-მ გამოაცხადა ფოტოკონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. პირველი სამი საპრიზო ადგილის მფლობელს სპეციალურად შექმნილი ჟიური გამოავლენს. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ.
კონკურსის პირობების ნახვა შესაძლებელია: www.police.ge