შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში, აცხადებს ფოტოკონკურსს, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
კონკურსის თემა
„დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები ერთმანეთის გულისთვის“.
კონკურსის ვადა
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა საკონკურსო ფოტოები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს მიმდინარე წლის 26 ივნისისა.
კონკურსის პირობები
საკონკურსო ფოტო უნდა ასახავდეს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ქცევებს, საგზაო მოძრაობის წესებს რეალობაში და მოძრაობის უსაფრთხოებას. შესაძლებელია დადგმული/საგანმანათლებლო კადრები. ფოტო აუცილებლად საქართველოში უნდა იყოს გადაღებული, ციფრული აპარატით, ზომებით - 3024X2016. საკონკურსო ფოტო უნდა გადმოიგზავნოს ციფრული ფორმატით. შსს-ს უფლებამოსილება ექნება, გამარჯვებული ფოტოები გამოიყენოს საიმიჯო-საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიებისა და პროექტებისთვის, რომლებიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად იქნება განსაზღვრული. კონკურსანტებს შეუძლიათ გამოაგზავნონ როგორც ცალკეული ფოტოები, ასევე, სერიები, არაუმეტეს 8 ფოტოსი.
ფოტოების შერჩევის მეთოდები
საუკეთესო ფოტონამუშევრებს სპეციალური ჟიური შეარჩევს. გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება კონფიდენციალური შერჩევის პრინციპით. საკონკურსო ნამუშევრებს მიენიჭება შტრიხ-კოდი. შესაბამისად, ფოტოს ავტორის ვინაობა ჟიურის წევრებისთვის ცნობილი არ იქნება. კონკურსის განმავლობაში ჟიურის წევრების ვინაობა კონფიდენციალური იქნება.
კონკურსის პრიზები
ჟიური სამ გამარჯვებულ ავტორს გამოავლენს. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო:
I ადგილი - 3000 ლარი;
II ადგილი - 2000 ლარი;
III ადგილი - 1000 ლარი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა კონკურსის მოთხოვნების შესაბამისი ნამუშევრები უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Lrobaqidze@mia.gov.ge