შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პირველი და მეხუთე განყოფილების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ირანის ორი მოქალაქე – 1968 წელს დაბადებული ალირეზა ა. და 1988 წელს დაბადებული რეზა ი. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ ბანკში მოქალაქეს 3800 ლარი მოჰპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ბრალდებულებმა იმავე დღეს, თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე, ვალუტის გადამცვლელი ერთ-ერთი პუნქტიდან 500 აშშ დოლარი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ალირეზა ა. და რეზა ი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი საქართველოს ტერიტორიის დატოვებას ცდილობდნენ. მოპარული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით).