შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ირაკლი გ. და 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი მ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 2014 წლის 23 იანვარს, გამთენიისას, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, თურქულ რესტორან „სელსებილ“-სა და მის გვერდით მდებარე ავტოსარემონტო სახელოსნოში ფარულად შეაღწიეს, სხვადასხვა ნივთს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა თბილისსა და საგარეჯოში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად ირაკლი გ. თბილისში, აეროდრომის დასახლებაში, ხოლო გიორგი მ. საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში დააკავეს.
დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები: პორტატიული კომპიუტერი, კომპიუტერის დინამიკები, ტოსტერი, დანების სალესი დანადგარი და ავტომანქანის ნაწილები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).