შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული გიორგი ფ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და პოლიციელთათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.
ბრალდებულმა საგარეჯოში, რუსთაველის ქუჩაზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გასროლა მოახდინა. სამართალდამცველებმა, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე შემოვლას აწარმოებდნენ, გიორგი ფ. განაიარაღეს და შემთხვევის ადგილზე დააკავეს. ბრალდებულმა დაკავებისას პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „ა-კა-ეს“-ის მოდელის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 71 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გიორგი ფ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ამოღებულია 1 მჭიდი. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და პოლიციის მუშაკის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით და 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).