შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს და შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, თბილისსა და მცხეთაში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თაღლითური დაჯგუფების ოთხი წევრი: 1973 წელს დაბადებული, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მიხაილ მ, 1979 წელს დაბადებული აგიტა მ, 1984 წელს დაბადებული ვლადიმირ ს. და 1973 წელს დაბადებული ალან ლ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები წინასწარ შემუშავებული თაღლითური გეგმის მიხედვით, რუსეთის ფედერაციაში ქირაობდნენ სხვადასხვა მარკის და მოდელის ძვირადღირებულ ავტომანქანებს, ამზადებდნენ ავტომანქანის ყალბ ტექპასპორტებსა და სხვა დოკუმენტებს, ჩამოჰყავდათ საქართველოში და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ახდენდნენ განბაჟებას. თაღლითური დაჯგუფების წევრები უკვე განბაჟებულ ავტომანქანებს თბილისში, სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ბანკებში ალომბარდებდნენ. დადგინდა, რომ ბრალდებულების თაღლითური საქმიანობით რამდენიმე საფინანსო ორგანიზაციას მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მიადგა.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ყალბი დოკუმენტაცია და სალომბარდე ხელშეკრულებები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე ამოღებულია თაღლითურად დაუფლებული სამი ავტომანქანა. ოთხივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითობის და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).