საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N3 დაწესებულების უფროსი ინსპექტორ-იურისტი გურამ სურმანიძე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გურამ სურმანიძე, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N3 დაწესებულებაში პატიმრისთვის გადასაცემად შეიტანდა მობილური ტელეფონის ორ ცალ სიმ-ბარათს, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2000 ლარი.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.