გიორგი მღებრიშვილი ჟურნალისტებს შეხვდა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროექტის - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ფარგლებში, ჟურნალისტებისთვის ბორჯომში ორდღიანი მედიასემინარი - „ოჯახში ძალადობის თემების მედიაგაშუქება - ქართული რეალობა და საერთაშორისო გამოცდილება“ გამართა. ტრენინგი ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა.
სემინარს გახსნას შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დაესწრო.
„ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ყველა უნდა გავერთიანდეთ. ამ თემის გაშუქება საკითხის სიღრმისეულ ცოდნას და გააზრებას მოითხოვს. ჩემთვის ეს სემინარი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ უკეთ მოვახდინოთ აღნიშნული თემის შესახებ საზოგადოების ინფორმირება და შესაბამისად, დანაშაულის პრევენცია. ეს არის სპეციფიკური სახის დანაშაული და საზოგადოების, მათ შორის, თქვენი -ჟურნალისტების მხრიდან, დიდ პასუხისმგებლობას და ჩართულობას მოითხოვს,“- აღნიშნა სემინარის მონაწილეებთან საუბრისას გიორგი მღებრიშვილმა.
ტრენინგის მიზანი იყო ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის აღნიშნული თემის გაშუქების მსოფლიოში არსებული სტანდარტებისა და რეგულაციების გაცნობა.
სწავლებაზე შსს-ს წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს ოჯახში ძალადობის, მასთან ბრძოლის მეთოდების და პრევენციის შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს. სემინარის მონაწილეებმა ძალადობის სხვადასხვა ფორმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს, ძალადობის ფაქტების შეფასების ჯგუფური სიტუაციური სავარჯიშოები შეასრულეს და აღნიშნულ თემაზე ინდივიდუალური დავალებები მოამზადეს. ტრენინგზე ოჯახში ძალადობის კონკრეტული მაგალითები და მათი აღმოფხვრის გზები, ასევე, ოჯახში ძალადობის ფაქტების გაშუქებისას არსებული მთავარი გადაცდომები განიხილეს.
შსს-ს წარმომადგენლებმა ოჯახში ძალადობის გაშუქების მედია-სტრატეგიებზე და აღნიშნულ დანაშაულთან ბრძოლაში მედიის როლზე ისაუბრეს.
შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსმა მაკა ფერაძემ ჟურნალისტებს სამინისტროს მიერ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის და პრევენციის მიმართულებით განხორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები გააცნო.
მედიასემინარის დასასრულს, ყველა მონაწილეს შსს-ს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის -„ძალა ნდობას“ ბრენდირებული სიმბოლური საჩუქრები გადაეცა.