შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული გიორგი ქ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1986 წელს დაბადებული ჯამბულატ დ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ქ-მ მიმდინარე წლის 9 თებერვალს, გამთენიისას, თბილისში, პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით გულმკერდის არეში დაჭრა 1987 წელს დაბადებული მინდია ბ, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ბრალდებული და ჯამბულატ დ., რომელიც გარდაცვლილს თან ახლდა და დანაშაულს შეესწრო, შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ჯამბულატ დ-მ მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა და ქვეყნის დატოვებას შეეცადა.
სამართალდამცველებმა ჯამბულატ დ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში, ხოლო გიორგი ქ. მეორე დღეს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 376-ე მუხლებით).