შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ალადინ ი. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გარდაბნის რაიონში მდებარე ერთ-ერთი ხის საამქროდან ელექტროხელსაწყოები მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლისა და ეზოს ჩხრეკისას, ხის საამქროდან მოპარული ელექტროხელსაწყოების გარდა, ამოიღეს „ეფ-1“-ის ტიპის ხელყუმბარა, გადაჭრილი თოფი - ე.წ. აბრეზი, 6,81 გრ გამომშრალი მარიხუანა და 2 ძირი კანაფი. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ქურდობის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივაციისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).