შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1956 წელს დაბადებული თენგიზ ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თენგიზ ა-მ თელავის რაიონის სოფელ რუისპირში, თავის საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლს - 1978 წელს დაბადებულ ეკატერინე მ-ს ცივი იარაღით გულის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, შემდეგ ეზოში გასულმა იმავე დანით თვითდაზიანება მიიყენა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი ცოლ-ქმარი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ქალბატონი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. თენგიზ ა-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).