შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოქალაქე გიორგი კლდიაშვილის ავტომობილის და პირადი ჩხრეკისას "პარაბელუმი"-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. გიორგი კლდიაშვილმა, ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, სამართალდამცველებს განუცხადა, რომ აღნიშნული იარაღი იყო მისი საკუთრება და მას ჰქონდა ტარების უფლება. მოგვიანებით, გამოძიების პროცესში, დაკითხვისას, გიორგი კლდიაშვილმა ვერ წარმოადგინა აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რის შემდეგაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გიორგი კლდიაშვილი 12 დეკემბერს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავეს. დაკავებული დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
14 დეკემბერს გაიმართა სასამართლო პროცესი, სადაც მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა გირაოს შესახებ დააკმაყოფილა და გიორგი კლდიაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
აქვე გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ სამართალდამცველების მოქმედება გიორგი კლდიაშვილი მიმართ სხვა მსგავსი შემთხვევების ანალოგიური იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოხატავს პატივისცემას არასამთავრობო სექტორის, მათ შორის, „IDFI“-ს მიმართ. აღნიშნული ინციდენტი ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს სამინისტროსა და „IDFI“-ს შორის არსებულ თანამშრომლობაზე. შს სამინისტრო სამოქალაქო საზოგადოებასთან მომავალშიც იქნება ანგარიშვალდებული.