შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი სამი პირი: 1993 წელს დაბადებული გიორგი შ, 1987 წელს დაბადებული ზაზა ქ. და 1989 წელს დაბადებული თამაზ ქ. ქურდობის ბრალდებით ახალციხეში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 16 დეკემბერს დაბა აბასთუმანში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში აბაზანის სარკმლიდან ფარულად შეაღწიეს, საიდანაც პლაზმური ტელევიზორები, ჭურჭელი, სხვადასხვა დასახელების სასმელი, მოვერცხლილი ხატი და საყოფაცხოვრებო ნივთები მოიპარეს.
სამართალდამცველებმა თბილისში, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას მოპარული ნივთების გარკვეული ნაწილი ამოიღეს. მოპარული ჭურჭლის ნაწილი ამოღებულია მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბაზრობიდან, ხოლო თბილისში მდებარე 2 ლომბარდიდან ტელევიზორი და ლეპტოპი ამოიღეს.
გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).