სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ფოთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1988 წელს დაბადებული ირაკლი ლ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 10 დეკემბერს პისტოლეტით შეიარაღებული ორი ნიღბიანი პირი ფოთში მდებარე „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურში შეიჭრა და იქ მყოფ ორ ოპერატორს სიცოცხლის მოსპობის მუქარით 244 ლარი გასტაცა. თავდმსხმელები ასევე შეეცადნენ ბენზინგასამართი სადგურის შენობის ერთ-ერთ ოთახში მდებარე სეიფის გატეხვას უროთი, რაც ვერ მოახერხეს და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.
სამართალდამცველებმა ირაკლი ლ. ოპერატოული მოქმედებების შედეგად დააკავეს. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 8,02 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღეს, ხოლო მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად - ნიღაბი და ურო.
ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები ყაჩაღობაში მონაწილე მეორე პირის დადგენა/დაკავების მიზნით.
გამოძიება ყაჩაღობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით) მიმდინარეობს.