შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ განხორციელებული პროგრამის „პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა“ ფარგლებში, ვალეს 1-ლი და მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალციხეში, საპატრულო პოლიციის შენობაში შეხვდნენ და პოლიციის მუშაობის სპეციფიკა გააცნეს. შსს-ს თანამშრომლებთან შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მხარდაჭერით გაიმართა.
მოსწავლეებმა საპატრულო პოლიციის ახალი მანქანა „ფორდ ინტერსეპტორი“ დაათვალიერეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მათ ახალი საპატრულო ავტომანქანის მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და აუხსნეს, რომ სპეცმანქანა აღჭურვილია სხვადასხვა დამატებითი უსაფრთხოების მოწყობილობითა და სისტემით, რომელიც არ გააჩნია საქართველოში დღეს მოქმედ არცერთ სპეცავტომობილს. „ფორდ ინტერსეპტორი“ მაღალი გამძლეობით, უსაფრთხოებისა და მოძრაობის გაძლიერებული მახასიათებლებით გამოირჩევა. მოზარდებს საშუალება ჰქონდათ, თავად გამოეცადათ „ფორდ ინტერსეპტორი“-ს ტექნიკური სიახლეები.
მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს პოლიციის შენობა, ხოლო სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა და დეტექტივ-გამომძიებლებმა იარაღის დაშლა-აწყობა ასწავლეს და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის პროგრამის მიზანია მე-9 -მე-12 კლასების მოსწავლეებს პროფესიის შერჩევაში დაეხმაროს.