შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი გელა ნ. დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი მიკროავტობუსის ჩხრეკისას, ავტომანქანის ძარაში მოწყობილი სამალავიდან 370 აბი „კოროლდ ასტერია“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 11,1 გრ ფსიქოტროპულ ნივთიერება „ფსევდოეფედრინს“ შეიცავს.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, გელა ნ-ს ნარკოტიკული საშუალებების – „ამფეტამინი“-ს და „მეტამფეტამინი“-ს მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.