შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გურჯაანსა და თბილისში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რეგისტრაციის ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე განხორციელებული უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი, ე.წ. „მაზავშიკები“: 1990 წელს დაბადებული ავთანდილ ბ, 1989 წელს დაბადებული გიორგი გ, 1984 წელს დაბადებული ზურაბ ბ. და 1974 წელს დაბადებული ვლადიმერ ჭ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები მიმდინარე საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებსა და ასევე, სხვა სპორტულ თამაშებზე, მობილური ტელეფონის და ინტერნეტის საშუალებით, მოქალაქეებისგან უკანონო ფსონებს იღებდნენ. სპორტული თამაშების შედეგების მიხედვით, დათქმულ დროს აბარებდნენ და იბარებდნენ ე.წ. თავნებს. თავანის ჩაბარების დაგვიანების შემთხვევებში ბრალდებულებსა და მოქალაქეებს შორის ხშირად იმართებოდა გარჩევები.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას თავნის სახით აღებული ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება რეგისტრაციის, ნებართვის ან ლიცენზიის გარეშე, ანდა სანებართვო ან სალიცენზიო პირობების დარღვევით, ჯგუფურად ჩადენილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).