შსს-ს აჭარის ა/რ სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობისა და კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენების ბრალდებით ბულგარეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე: 1976 წელს დაბადებული ხრისტო ხ, 1990 წელს დაბადებული ილიან გ. და 1981 წელს დაბადებული ვერონიკა ვ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა აგვისტოს დასაწყისში, ქალაქ ბათუმში მდებარე სხვადასხვა ბანკის 5 ბანკომატზე დაამონტაჟეს პლასტიკური ბარათების მონაცემთა უკანონოდ მოპოვება-შენახვისთვის განკუთვნილი სპეციალური მოწყობილობა – ე.წ. „სკიმერი“, რომლის საშუალებითაც, თანხების მითვისების მიზნით, სხვისი პლასტიკური ბარათებიდან მონაცემების უკანონოდ მოპოვებას ცდილობდნენ. აღნიშნული მეთოდით ბრალდებულებმა რამდენიმე მოქალაქის კუთვნილი 1100 ლარი მიითვისეს.
სამართალდამცველებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბანკომატის ეკრანზე დამაგრებული ვიდეო-აუდიო სათვალთვალო და პლასტიკური ბარათის ჩასადებ ჭრილზე მოთავსებული ინფორმაციის წამკითხავი მოწყობილობები აღმოაჩინეს და ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, კომპიუტერული მონაცემებისა და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენების და ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება, გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).