შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს და თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყვარლის რაიონში, ლენტეხსა და თბილისში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე 4 პირი: 1974 წელს დაბადებული მინდია გ, 1975 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობის და ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ბაქარ მ, 1967 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობის და ნარკოდანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი მამუკა გ. და 1970 წელს დაბადებული ვიტალი ჩ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 3 აგვისტოს ვიტალი ჩ, რომელიც დაზარალებული ოჯახის ნათესავია და მათთან მძღოლად მუშაობდა, დაუკავშირდა თავის მეგობარ მინდია გ-ს და შესთავაზა ჩარქსელიანების ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა განეხორციელებინათ. მან აცნობა მინდია გ-ს, რომ დაზარალებულები სახლში ინახავდნენ დიდი ოდენობით ფულსა და ძვირფასეულობას. ასევე გაურიგდა, რომ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხის ნაწილი მისთვის მიეცათ.
მინდია გ-მ დაგეგმა და თანამზრახველებთან ერთად განახორციელა ყაჩაღური თავდასხმა. ისინი 25 აგვისტოს, აბაშიძის ქუჩაზე, ჩარქსელიანების ოჯახს თავს დაესხნენ ყაჩაღურად. დიასახლისსა და სტუმრად მყოფ ქალბატონს ხელ-ფეხი შეუკრეს, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით სახლიდან გაიტაცეს დიდი ოდენობით ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები, 100 000 ლარი, 30 000 ევრო, 30 000 აშშ დოლარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოთხივე ბრალდებული დააკავეს. დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ნაყაჩაღარი ძვირფასეულობა და თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას ასევე ამოღებულია ბუპრენორფინის შემცველი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).