შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ისანი-სამგორის სამმართველოს, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1973 წელს დაბადებული ლ.გ. და 1974 წელს დაბადებული შ.ლ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 17 სექტემბერს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული, ნიღბიანი ბრალდებულები თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში მდებარე სავაჭრო ცენტრ „სმარტში“ განთავსებულ „საქართველოს ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს თავს დაესხნენ და დიდი ოდენობით ფული გაიტაცეს. შემდეგ სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქე ი.ბ.-ს იარაღის მუქარით ავტომანქანა „ჰონდა ფიტი“ გასტაცეს და მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა მომხდარიდან მეორე დღეს შ.ლ. - მარნეულის რაიონის სოფელ შაუმიანში დააკავეს, ხოლო ლ.გ. - საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამტარ პუნქტ „სადახლოში“. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ლ.გ. ადრე ჩადენილ სხვა დანაშაულშიც არის მხილებული.
პოლიციამ გატაცებული ავტომანქანა და ბანკებიდან წაღებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179- ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).