შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის დავალებით, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გოგა რაზმაძემ, მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს და მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოთხილამურე პატრულის პროექტის მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრა სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში გამართეს.
შს სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფის წევრები, გუდაურში ვიზიტის დროს, საპილოტე პროექტის დაწყებამდე, კიდევ ერთხელ, ადგილზე გაეცნენ იქ არსებულ ვითარებას, დაათვალიერეს სათხილამურო ტრასები, ინფრასტრუქტურა, გაესაუბრნენ დამსვენებლებსა და სპორტსმენებს. საპილოტე პროგრამა საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების სათხილამურო ტრასებზე უსაფრთხოების გაძლიერებისთვის შემუშავდა. სიახლე უსაფრთხოების სტანდარტების ასამაღლებლად დამატებითი ღონისძიებების განხორციელებასა და მოთხილამურე პატრულის ჩამოყალიბებას გულისხმობს. ახალი პროგრამა შს მინისტრის ბრძანების საფუძველზე, უახლოეს დღეებში ამოქმედდება. მიმდინარე წლის სეზონზე, პირველ ეტაპზე, პროექტი გუდაურში განხორციელდება, მომავალ წელს კი მოთხილამურე პატრულირება უკვე საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე დაინერგება.
უსაფრთხოების ღონისძიებებს რეგიონული პოლიციის დეპარტამენტების, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შსს-ს სხვა რეგიონული დანაყოფების თანამშრომლები თავიანთი კომპეტენციისა და მოქმედების არეალში უზრუნველყოფენ.