შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტისა და დანაყოფის თანამშრომლებს შეხვდა. მინისტრმა პოლიციელები სამსახურებრივი მოვალეობის დროს გამოჩენილი მამაცობისთვის, პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის დააჯილდოვა.
დაჯილდოების ცერემონიის დაწყებამდე, გიორგი მღებრიშვილმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო 30 დეკემბერს თელავში მომხდარი შემთხვევის დროს გარდაცვლილი პოლიციის კაპიტნის გელა ლამაზოშვილის და პოლიციის ინსპექტორის, სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების თანამშრომლის მაია ჯავახიშვილის ხსოვნას.
შს მინისტრმა პოლიციელებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სიტყვით მიმართა: „უკანასკნელი პერიოდის მანძილზე ყველამ დაინახა, რა რთულია იყო პოლიციელი, დღენიადაგ იდგე შენი ქვეყნის მაცხოვრებლების უსაფრთხოების სადარჯოზე და ყოველთვის მზად იყო, ამ მიზანს შენი სიცოცხლეც კი შესწირო. ამიტომაა, რომ ბევრ ქვეყანაში - იყო პოლიციელი, უკვე ნიშნავს გმირობას. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ამ სულისკვეთებითაა გაჯერებული ჩვენი სისტემა და ეს ადამიანები უფრო მეტ პატისვისცემასა და თანადგომას იმსახურებენ!
დღეს აქ ჩვენი პოლიციელების მხოლოდ მცირე ნაწილია წარმოდგენილი. სინამდვილეში თქვენ ბევრად მეტნი ხართ - ადამიანები, რომლებიც ყოველ წამს, დღე და ღამე, დარსა და ავდარში - ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე დგახართ!“- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
მედლებით მამაცობისთვის შინაგან საქმეთა მინისტრმა 12 პოლიციელი დააჯილდოვა: პოლიციის კაპიტანი იოსებ წეველიძე, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ელიზბარ პატარკაციშვილი, პატრულ-ინსპექტორი გიორგი ბუკია, მაშველი კობა ტერტერაშვილი, მესაზღვრე გიორგი ინასარიძე, პოლიციის კაპიტანი მაია ფელიშვილი და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები: ავთანდილ ებანოიძე, დავით ჭანტურია, გიორგი კოპალიანი, ბექა ბურდული, თეიმურაზ ასანიძე და კობა ჭულუხაძე.
ამასთან, გიორგი მღებრიშვილმა სამინისტროს 57 თანამშრომელს მადლობის სიგელები გადასცა: „მინდა დღეს, წლის მიწურულს, ასევე გადაგიხადოთ განსაკუთრებული მადლობა ამ დარბაზში მსხდომთ გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და თავდადებული სამსახურისთვის“, - აღნიშნა შს მინისტრმა.
გიორგი მღებრიშვილმა პოლიციელებს წარმატება და მათ ყოველდღიურ საქმიანობაში მხარდაჭერა აღუთქვა.