შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, საქართველოს შს სამინისტროს და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) თანამშრომლობის ფარგლებში, ყოველწლიური ოთხდღიანი კონფერენცია „ქალები პოლიციაში“ გახსნა. კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით ასევე გამოვიდა აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი.
როგორც გიორგი მღებრიშვილმა კონფერენციის გახსნისას აღნიშნა: „გენდერული თანასწორობის დაცვა საზოგადოებაში და ქალთა მონაწილეობის გაზრდა პოლიციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი და შეიძლება ითქვას, უკვე ძლიერი მხარეა. სამინისტროს სტრატეგიული ხედვაა დანაშაულის წინააღმდეგ პროაქტიულ ქმედებაზე გადასვლა, რაც გულისხმობს ფიზიკური და ძალისმიერი მეთოდების ჩანაცვლებას ინტელექტუალური ინსტრუმენტებით. ეს ქალ-პოლიციელებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას უქმნის, საკუთარი პოტენციალის რეალიზება მოახდინონ“.
კონფერენციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს კახეთის რეგიონში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ტრაგიკულად დაღუპული, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის - მაია ჯავახიშვილის ხსოვნას.
კონფერენცია უკვე მეხუთე წელია ტრადიციულად საქართველოში ტარდება. კონფერენციის მთავარი თემაა სამართალდამცველების კვალიფიკაციის ამაღლება და პოლიციაში ქალის როლის წარმოჩენა.
წელს ღონისძიებას 19 ქვეყნის პოლიციელი ქალები ესწრებიან, მათ შორის, პოლონეთიდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან, მოლდოვიდან, ყაზახეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.