შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ასპინძის საჯარო სკოლების მე-10 კლასელები ეწვივნენ.
განსაკუთრებულ დავალებათა პირველი სამმართველოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა დღის განრიგი გააცნეს, საცხოვრებელი შენობები, სასწავლო ოთახები, სავარჯიშო დარბაზი, ბიბლიოთეკა და საწვრთნელი მოედანი დაათვალიერებინეს. მოზარდები წვევამდელთა თეორიული, სამწყობრო მეცადინეობის და პრაქტიკული წვრთნების პროცესს: ბარიერების გადალახვას, კედელზე დაშვებას, საბრძოლო ილეთებს და ტირში სროლას დაესწრნენ.
სკოლის მოსწავლეებისთვის სამმართველოს ბაზაზე არსებული აღჭურვილობის, ჯავშანტექნიკისა და სხვადასხვა სახეობის იარაღის გამოფენა მოეწყო. შეხვედრა ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსწავლეების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.