შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, 1992 წელს აფხაზეთის ომში დაღუპული შსს-ს აკადემიის კურსანტების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. მინისტრთან ერთად დაღუპული მებრძოლების ხსოვნას შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ზურაბ გამეზარდაშვილმა, შსს-ს აკადემიის ხელმძღვანელმა ნუკრი გელაშვილმა და უწყების სხვა წარმომადგენლებმა მიაგეს პატივი.
შსს-ს მაშინდელი უმაღლესი სკოლის 14 კურსანტი 1992 წელს აფხაზეთის ომის დროს ქალაქ გაგრის მახლობლად, სოფელ კოლხიდასთან დაიღუპა. შსს-ს აკადემიის კურსანტების პატივის მიგების ცერემონიაზე დასასწრებად უწყებამ დაღუპულ კურსანტთა ოჯახის წევრები მიიწვია. ალექსანდრე ჭიკაიძე მათ პირადად შეხვდა, გაესაუბრა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
შსს-ს აკადემიის ეზოში მემორიალი 1991-1992 წლებში აფხაზეთის, სამაჩაბლოს და თბილისის სამოქალაქო ომში დაღუპული კურსანტების საპატივცემულოდ არის აღმართული.