ქალაქ ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამოქალაქო საზოგადოებასა და შსს-ს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ, შსს-ს ადმინისტრაციისა და გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებთან ერთად, მოქალაქეებს პროექტ „უსაფრთხო ქალაქი“-ს ფარგლებში, დანაშაულის პრევენციის, დანაშაულთან ბრძოლის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის და სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაოს, ასევე, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და შეკითხვებს უპასუხა.
შეხვედრას, რომელიც ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის ფარგლებში, შეხვედრები საზოგადოებასთან საქართველოს კიდევ ცხრა ქალაქში ჩატარდება, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა მონაწილეობას მმართველობის პროცესში და შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის საზოგადოებაში ინფორმირებულობის ამაღლებას, ასევე დანაშაულის პრევენციას და თემასთან დაკავშირებით აქტუალურ საკითხებზე რეაგირებას.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ქალაქ ოზურგეთში „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“-ს ოფისში ლიდერთა სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და დისკუსია გამართა. ახალგაზრდებმა სამინისტროს წარმომადგენლებს სამოქალაქო აქტივიზმის, მოხალისეობის და რეგიონის განვითარების შესახებ საკუთარი პროექტები და მოსაზრებები გააცნეს.
„შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით და მისი მხარდაჭერით, ჩვენმა სამინისტრომ დაიწყო ახალი კამპანია, ახალი პროგრამა. ეს არის - „უსაფრთხო ქალაქი“ და საქართველოს 10 ქალაქში ჩვენ გავმართავთ შეხვედრებს ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებასთან. დღეს ასეთი შეხვედრა, პირველი შეხვედრა შედგა გურიაში, ქალაქ ოზურგეთში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, რომელსაც ამერიკის მთავრობა აფინანსებს და ვფიქრობ, რომ იყო საკმაოდ საინტერესო. ვინაიდან ჩვენ შევძელით, რომ ადგილობრივი საზოგადოებისთვის გადაგვეცა ის ინფორმაცია და გზავნილები, რასაც ჩვენი სამინისტრო ატარებს და მეორე მხრივ - პასუხი გაგვეცა მათ შეკითხვებზე და ასევე მოგვენიშნა ის პრობლემები, რომელიც ამ ქალაქში და ამ რეგიონში თუნდაც არსებობს. იყო ძალიან კონსტრუქციული და სასარგებლო შეხვედრა იმიტომ, რომ ყველამ მოახერხა თავისი აზრის გამოთქმა. მედიამ აღნიშნა, რომ მედიისთვის გარემო არის ბევრად გაუმჯობესებული და ასევე, მოქალაქეებმა მოგვცეს დიდი და მეტი მოტივაცია, რომ ეს შეხვედრები კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელოთ. რა თქმა უნდა, ეს არის საერთო ანგარიშვალდებულების ნაწილი მოსახლეობასთან და ჩვენი სამინისტრო იქნება ერთ-ერთი მოწინავე კვლავაც გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების კუთხით. შეკითხევბი არ უნდა დაგროვდეს, მათ აუცილებლად გაეცემა პასუხი“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ.