შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის საგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა და აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის პროგრამის (PPRD East) წარმომადგენლებმა მაიკლ ელმკვისტმა და სერგეი ანაგოსტმა სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად PPRD - ის პროგრამის მეორე ეტაპის პირველი სამუშაო გეგმა განიხილეს.
აღნიშნული პროგრამის მიზანია, კატასტროფების რისკების შემცირების სფეროში ევროპული გამოცდილების გაზიარება და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების პროფესიული დონის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოება. პროგრამა ხორციელდება 6 პარტნიორ ქვეყანაში - სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსია, საქართველო, მოლდავეთი და უკრაინა.
სტუმრებმა სააგენტოს ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადეს პროგრამის პირველი ეტაპის წარმატებით გახორციელებისთვის და მეორე ეტაპის 4 წლიანი პროგრამის გეგმა და მიზნები გააცნეს. მეორე ეტაპის მიზანია, კიდევ უფრო დაიხვეწოს ეს სფერო და შესაბამისი კანონმდებლობა ამ მიმართულებით. პროგრამის წარმომადგენლები მუშაობის პროცესში გაითვალისწინებენ პარტნიორი ქვეყნების პრიორიტეტებსა და რეკომენდაციებს. ყურადღება მიექცევა რისკების შეფასებასა და რისკების რუკის შედგენას, მუშაობა გაგრძელდება ზიანის აღრიცხვის სისტემაზე. ასევე , კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით, დიდი ყურადღება დაეთმობა მასპინძელი ქვეყნის დახმარებას.
პროგრამის ფარგლებში 4 ტრენინგი ჩატარდება - 2 ოპერაციული მიმართულებით და 2 გაძლიერებული დონის . სწავლებაში ჩართული იქნებიან 50 % სამოქალაქო უსაფრთხოების და 50 % სხვა სამთავრობო დაწესებულებების წარმომადგენლები. პირველი სასწავლო კურსი დანიაში ჩატარდება. გარდა საველე სავარჯიშოებისა, ასევე, ჩატარდება კამერული სავარჯიშოებიც. დაგეგმილია წვრთნებამდე 3 მოსამზადებელი კონფერენცია და წვრთნების შემდეგ შემაჯამებელი სემინარი. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ექსპერტების სამუშაო ვიზიტები საქართველოში, რათა მოხდეს პრობლემების იდენტიფიცირება და ამ მიმართულებით ქვეყნის პროფილის განახლება. შემდეგ ეტაპზე მოხდება მრჩეველთა საბჭოს მიერ პრიორიტეტების დასახვა.
შეხვედრის დასასრულს შსს-ს სსიპ „საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს“ დირექტორმა PPRD East-ის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისათვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.