შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები - შალვა ხუციშვილი და არჩილ თალაკვაძე, საქართველოში უკონტაქტო პატრულირების შემოღებასთან დაკავშირებით, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“, „რეფორმებისა და განვითარების ასოციაციის“, სახალხო დამცველის აპარატის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შალვა ხუციშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ჰოლანდიისა და ამერიკის შეერთებული შტატების საპოლიციო პრაქტიკა გააცნო, სადაც პატრულირების აღნიშნული ფორმა დიდი ხანია წარმატებით ფუნქციონირებს. მინისტრის მოადგილეებმა, უცხოური პრაქტიკის ანალიზზე დაყრდნობით, კიდევ ერთხელ განმარტეს ახალი ინიციატივის მიზანი და ის დადებითი შედეგები, რაც საქართველოში უკონტაქტო პატრულირების დანერგვას მოჰყვება.
შეხვედრის ბოლოს მხარეებს შორის აღნიშნულ თემაზე დისკუსია გაიმართა. შს სამინისტროს წარმომადგენლები არასამთავრობო სექტორს კანონპროექტში მათი რეკომენდაციების გათვალისწინებას დაჰპირდნენ.