შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი საერთაშორისო ორგანიზაციების, NDI-ის და IRI-ის გაერთიანებული დელეგაციის წევრებს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და ქვეყანაში შექმნილი წინასაარჩევნო ვითარება იყო.
როგორც შს მინისტრის მოადგილემ დელეგაციის წევრებთან საუბრისას აღნიშნა, ქვეყნის მთავრობისთვის მეტად მნიშვნელოვანია, არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მოქალაქეთა და პოლიტიკური პარტიების თავისუფალი ნების გამოხატულება, ყველა საერთაშორისო დემოკრატიული ნორმის დაცვით.
შალვა ხუციშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ქვეყანაში წინასაარჩევნოდ არსებული ვითარება და მათ მიერ დასმულ კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა. შეხვედრაზე შს მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა შს მინისტრის მიერ გამოცემულ სპეციალურ ბრძანებაზე, რომელიც პოლიციელებისთვის წინასაარჩევნოდ და არჩევნების დღეს საპოლიციო ღონისძიებების განხორციელების საფუძვლებს და პირობებს აწესებს. შს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები სრულ მზადყოფნაში არიან, უზრუნველყონ სამართლიანი და დემოკრატიული წინასაარჩევნო გარემო.