საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელ ტოივო კლაარს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მინიტორინგის მისიის როლს საქართველოში, რომელიც მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
ალექსანდრე ჭიკაიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შორის არსებული თანამშრომლობის მაღალ ხარისხზე ისაუბრა. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ურთიერთობები სამომავლოდ გაგრძელდება და მომავალში მისიის მანდატი გაფართოვდება.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ოკუპაციის ხაზზე და მის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ბოლო პერიოდში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართების და ღობეების მონტაჟის პროცესის განახლებით გამოწვეულ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება.
მხარეებმა ასევე გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების განახლების პერსპექტივებზე ისაუბრეს.