საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორს - ჯეიმს კომეის შეხვდა.
გიორგი მღებრიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობას ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. საქართველოს შს მინისტრმა ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა სამართალდაცვით სფეროში წლების განმავლობაში გაწეული დახმარებისა და თანამშრომლობისთვის. თავის მხრივ, ჯეიმს კომეიმ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების სრული მხარდაჭერა გამოხატა და განაცხადა, რომ ამერიკული მხარე მზადაა, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლებისა და გამომძიებლების გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმაროს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს დანაშაულთან ბრძოლის და პრევენციის საკითხებში ინფორმაციის გაცვლის მნიშვნელობაზე. როგორც საქართველოს შს მინისტრმა აღნიშნა, აშშ-ს გამოძიების ფედერალურ ბიუროს უდიდესი ცოდნა და გამოცდილება გააჩნია ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. შესაბამისად, საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია პარტნიორი ქვეყნის ცოდნის, გამოცდილების გაზიარება და რეკომენდაციების მიღება.
გიორგი მღებრიშვილმა ჯეიმს კომეის სამინისტროში ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმებიც გააცნო და აღნიშნა, რომ შსს-მ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის განვითარების კუთხით, როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციონალურ დონეზე.
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის შედეგად მიღწეული პროგრესი განიხილეს და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულს, გიორგი მღებრიშვილმა ჯეიმს კომეი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.