შინაგან საქმეთა სამინისტროში ოჯახში ძალადობის პრევენციის და მასზე რეაგირების მუდმივმოქმედი კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა. კომისიის წევრები შსს-ს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები არიან.
შეხვედრაზე კომისიამ განიხილა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული შედეგები, ასევე, გამოწვევები და ამ მიმართულებით მომუშავე საპოლიციო დანაყოფების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმები და აქტივობები.
შეხვედრის დღის წესრიგში შედიოდა სხვადასხვა აქტუალური საკითხები: შემაკავებელი ორდერების მონიტორინგი, პოლიციელთა შემდგომი მომზადება და ტრეინინგები, საინფორმაციო კამპანიის გაგრძელება და შეხვედრები მოსახლეობასთან, ოჯახში ძალადობის შესახებ „112“-ში შესული ზარების ანალიზი და სახელმძღვანელო პრინციპების მორიგი განახლება.
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომლის ეფექტურად განხორციელებისთვის სამინისტრო სამოქალაქო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს. კომისიის წევრები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში შეხვედრა გაიმართება არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მოხდება მათ ხელთ არსებული ინფორმაციისა და რეკომენდაციების განხილვა.