შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ნარკოტიკების საკითხებში ბრიტანელ ექსპერტს - მასუდ ჯეოფრეი ამირს შეხვედნენ. ექსპერტის ვიზიტი შსს-ში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის - „მეტი მეტისთვის“ ფარგლებში განხორციელდა.
შეხვედრას შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, სსიპ - საქართველოს შსს-ს აკადემიისა და სსდ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) წარმომადგენლები დაესწრნენ.
შსს-ს წარმომადგენლებმა ბრიტანელ ექსპერტს სამინისტროს დანაყოფების ძირითადი ფუნქციები, ჩატარებული სამუშაოები და სამომავლო გეგმები გააცნეს და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის გამოძიების, ნარკოტიკული ნივთიერებების აღმოჩენისა და სხვა საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
ვიზიტის შედეგად, ბრიტანელი ექსპერტი ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შეფასების ანგარიშს შეადგენს, რის საფუძველზეც საქართველოს შსს-ს აკადემია შესაბამის ტრეინინგ-კურიკულუმებს შეიმუშავებს.