შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სამინისტროს სპორტული კლუბის წევრებს შეხვდა, რომლებმაც საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ჩატარებულ ჩემპიონატებზე წელს განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს და ჩემპიონები გახდნენ.
დათა ქაჯაიას, გიორგი ბერძენიშვილს, ალექსი დავითაშვილს და ვარლამ ლიპარტელიანს მინისტრმა გამარჯვება პირადად მიულოცა, მათ მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა: „დანაშაულის პრევენციის, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი პირობა ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და პოპულარიზაციაა. ამიტომ ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ სპორტს და მის განვითარებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტული კლუბები ბევრ გამარჯვებასა და მიღწევას ითვლიან. მოხარული ვარ, რომ დღევანდელი დღის გმირები სამინისტროს თანამშრომლები არიან, რომლებმაც ჩვენი უწყების და ქვეყნის სახელი მთელ მსოფლიოში გაიტანეს და სპორტის სხვადასხვა სახეობაში პირველები, ჩემპიონები გახდნენ. დიდი მადლობა თქვენ - ჩვენს თანამშრომლებს - ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონებს, ამ სულისკვეთებისთვის, იმისთვის, რომ ჩვენი პოლიციელები ასახელეთ და საერთაშორისო შეჯიბრებებში საქართველოს დროშა მაღლა ასწიეთ!“ - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.
შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის წევრმა ვარლამ ლიპარტელიანმა, პარიზში, 90 კგ. წონით კატეგორიაში გრან-სლემი მოიგო; სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ფიზიკური მომზადების განყოფილების თანამშრომელი ალექსი დავითაშვილი ისრაელში, არშდოში ვეტერანთა შორის სამბოს მსოფლიო ჩემპიონი გახდა; შსს-ს სპორტული კლუბის MIA FORCE-ის მრბოლელი, უფროსი ლეიტენანტი დათა ქაჯაია იტალიაში, ევროპის ჩემპიონი გახდა; შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელი, ვიცეპოლკოვნიკმა გიორგი ბერძენიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატში ტრიატლსა და ბიატლში 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა.
შეხვედრის შემდეგ გიორგი მღებრიშვილმა გამარჯვებულ სპორტსმენებს მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.