შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ცაციაშვილი დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულთა გამოძიების საკითხებზე კასკადური ტრენინგების გახსნით ღონისძიებას დაესწრო და სტუმრებს სიტყვით მიმართა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნული დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულთა თემაზე გამომძიებელთა სისტემური გადამზადების პროცესი შინაგან საქმეთა სამინისტროში პირველად ხორციელდება. ტრენინგ-მოდული ეფუძნება ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების სასწავლო მასალას და დატვირთულია როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ინფორმაციით. სამართალდამცველთა გადამზადების პროცესში მონაწილეობენ როგორც სამინისტროს ტრენერები, ასევე, ფსიქოლოგები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
გახსნით ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები, რომლებიც პროექტის მხარდამჭერები არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე გამომძიებელთა კომპეტენციისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით.