შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ და მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა დიპლომატებს ცალკეულ სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების შედეგები გააცნეს.
გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამინისტროში მიმდინარე რეფორმებსა და ინიციატივებს. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის შესახებ. როგორც ცნობილია, კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში ხდება საუბნო მიმართულების ტრანსფორმაცია, რის შედეგადაც, უბნის ინსპექტორის ნაკლებეფექტიანი მოდელის ნაცვლად ინერგება თანამედროვე, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აპრობირებული, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის კონცეფცია, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიაზე განაცხადების მიღება გუშინ გამოაცხადა. აღნიშნულ რეფორმას მხარს უჭერენ საქართველოს პარტნიორი ქვეყნები.
ელჩებთან შეხვედრისას, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა, ასევე, ისაუბრეს ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობასა და ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე.