შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1956 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ვ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 25 ივნისს, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ივანოვკაში მცხოვრები ბრალდებული სტუმრად იმყოფებოდა თანასოფლელთან, 1940 წელს დაბადებულ პ.ც.-სთან, რომელთანაც ურთიერთშელაპარაკება მოუხდა. კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ი.ვ.-მ მასპინძელს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ იგი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.