საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თურქმენეთის ოფისის მხარდაჭერით, თურქმენეთის დელეგაცია ესტუმრა ოფიციალური სამუშაო ვიზიტით.
თურქმენეთის დელეგაცია წარმოდგენილი იყო სახალხო დამცველის აპარატის, გენერალური პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მეჯლისის (პარლამენტი) და საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებით. დელეგაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის, მიგრაციის დეპარტამენტის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტების ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.
ვიზიტის მიზანს სახალხო დამცველთან არსებულ, პრევენციის ეროვნულ მექანიზმთან (დეპარტამენტი) შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლობის გაცნობა წარმოადგენდა.
ქართულმა მხარემ თურქმენეთის დელეგაციას ასევე დეტალურად გააცნო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებულ პირთა მიმართ არსებული რეგულაციები, მათთვის განკუთვნილი სერვისები, დაკავებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა და სხვ.
მხარეებმა ასევე გამოხატეს მზაობა აქტიურად გააგრძელონ თანამშრომლობა, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიმართულებით.