შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებისთვის მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE) - ინტეგრირებული საზღვრის მართვა (SAFE IBM)“ ფარგლებში, ყალბი დოკუმენტების აღმოჩენისა და შემოწმების შესახებ ტრენინგი ჩაატარა.
სწავლებას საერთაშორისო ექსპერტი - ალექს ვან დუურენი უძღვებოდა, ხოლო გახსნით ღონისძიებას ესწრებოდნენ: შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე - გურამ დავითაშვილი, საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ირაკლი თევდორაძე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საზღვრის მართვის პროგრამების უფროსი მენეჯერი - მასიმო რამანზინი და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი - კოლომბ დე მერსი.
სწავლების ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს ისეთი რელევანტური საკითხები, როგორიცაა: ID დოკუმენტები, დამცავი ნიშნები, დოკუმენტების უსაფრთხოების და გაყალბების ახალი მეთოდები, ციფრული ბეჭდვის ტექნიკა, პროფილირება და ა.შ.
ტრენინგის დასრულების შემდგომ, მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2019 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანია საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრისა და მიგრაციის მართვის მიმართულებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად.