შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ტექნიკური დახმარება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში“ - მხარდაჭერით, მძიმე და ორგანიზებული დანაშაულის საფრთხის შეფასების (SOCTA) საკითხებზე ტრენინგი გაიმართა.
სწავლების მიზანი იყო ევროპოლთან თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით.
ტრენინგს ბრიტანელი ექსპერტი უძღვებოდა. სწავლებაში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლები. სწავლება შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტისა და ევროკავშირის პროექტის მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა.
პროექტი 2018 წელს დაიწყო და 2021 წელს დასრულდება. იგი მიზნად ისახავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ხელშეწყობას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. პროექტის ძირითადი მიმართულებებია: საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავება, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საბჭოს გაძლიერება, სამინისტროს ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარება, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მეთოდების დანერგვა, ორგანიზებული დანაშაულით გამოწვეულ საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სხვა.