შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები სამთო მომზადების ზამთრის შუალედურ სასწავლო კურსს გადიან. სწავლება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში ბაკურიანში ტარდება და მას პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები უძღვებიან.
სწავლების განმავლობაში დეპარტამენტის თანამშრომლები შეისწავლიან მაღალ მთაში სროლას, ადგილმდებარეობის მიხედვით ორიენტირებას, დაშავებულისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენას, საევაკუაციო საშუალებების გამოყენებას, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძიების მეთოდებს, თოვლში თავშესაფრის მოწყობას, განსაკუთრებულად ცივ პირობებში მოქმედებასა და გაუკვალავ თოვლში ტექნიკურ სრიალს.
სასწავლო კურსის მიზანი შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელთა სამთო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და კვალიფიკაციის ამაღლებაა.