შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თუშეთის მიმართულებით გეგმიური რეისი შეასრულა. მესაზღვრეების როტაციისა და მათთვის აუცილებელი ტვირთის ტრანსპორტირების გარდა, სასაზღვრო ავიაცია ადგილობრივ მოსახლეობასაც მოემსახურა.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით კახეთის რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა თუშეთის სოფლების 25-მდე ოჯახს ძირითადი მოხმარების საკვები პროდუქტები ჩაუტანა.
სასაზღვრო ავიაციის გეგმიური რეისი ხევსურეთის მიმართულებითაც შესრულდა. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ პირიქითა ხევსურეთის სოფლებში მცხოვრებ 50-მდე ოჯახს პროდუქტები და პირველადი საჭიროების ნივთები ჩაუტანა.
რთული გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური პირობების გამო, თუშეთის, შატილისა და არხოტის სოფლები გარე სამყაროს ჯერ კიდევ მოწყვეტილია და მოსახლეობასთან კომუნიკაცია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით ხდება.