შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის - „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში გამართული საინფორმაციო-შემეცნებითი ორდღიანი ღონისძიება ბათუმში, ანბანის კოშკთან გრძელდება. ღონისძიება ბათუმში გუშინ გაიხსნა და მეორე დღეა აქტიურად მიმდინარეობს. მომავალი კვირიდან, კამპანიის ფარგლებში, ბათუმის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება.
სახალხო ღონისძიებების პარალელურად, პროექტი მოიცავს შსს-ს დანაყოფების, კერძოდ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, მომსახურების სააგენტოს და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112"-ის წარმომადგენლების ვიზიტებს სკოლებში. საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართება მოსწავლეებთან, რომლის მიზანია ბავშვებსა და მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიას - „ემეგობრე პოლიციას“ განგრძობითი ხასიათი ექნება. ბათუმის გარდა, სახალხო ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით, სხვა ქალაქებშიც ჩატარდება. ბათუმის მსგავსად, მოზარდებსა და ყველა დაინტერესებულ ადამიანს საშუალება ექნებათ, გაეცნონ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის საქმიანობას, ასევე, შეეძლებათ, დაათვალიერონ საპატრულო პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, მომსახურების სააგენტოს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, დაცვის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცტექნიკა და აღჭურვილობა. ბავშვები, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობაში.