შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მთელი დღის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა რეგიონში უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად სულ 7 გაფრენა განახორციელა. 20:00 საათის მონაცემებით, უსაფრთხო ადგილას გამოყვანილია 100-ზე მეტი მოქალაქე, მათ შორის 21 არასრულწლოვანი. დაშავებული არავინ არ არის. მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ქალაქ ონში მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. ხვალ დილიდან, ხილვადობის აღდგენისთანავე, ვერტმფრენები სტიქიის ზონაში მუშაობას განაახლებენ და მოქალაქეებს პირველადი მოხმარების საგნებსა და საკვებ პროდუქტებს მიაწვდიან.
რაჭაში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი. ისინი ადგილზე ხელმძღვანელობენ სამაშველო სამუშაოებს.
ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 90-მდე მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები, სპეციალური აღჭურვილობით. ასევე, მობილიზებულია დრონები და ყველა საჭირო ტექნიკა.