თბილისში, ძლიერ წვიმასთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო სრული დატვირთვით მუშაობს. მაშველებმა უზნაძის ქუჩაზე დატბორილი სარდაფიდან წყალი ამოტუმბეს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ამოიყვანეს და გადაარჩინეს. მაშველებმა ასევე თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური შენობის ამოტუმბვა განახორციელეს. წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ჭერი ჩამოინგრა, ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
სამაშველო ოპერაცია ასევე მიმდინარეობს წყნეთში, გზის რამდენიმე მონაკვეთზე. მაშველები ინტენსიურად მუშაობენ ვაკე-საბურთალოს მონაკვეთზე, მდინარე ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები მობილიზებული არიან და მუშაობას აგრძელებენ.