შინაგან საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ბოლო პერიოდში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პოლიციის მხრიდან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიების კანდიდატებზე ზეწოლა ხორციელდება. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა ზეწოლის ან მუქარის ფაქტი კონკრეტული პოლიციელის მხრიდან, ის კანონის შესაბამისად, უმკაცრესად დაისჯება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას უზრუნველყოს არჩევნების მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება.
აღსანიშნავია, რომ განახლდა და დამტკიცდა „არჩევნების პერიოდში შსს-ს მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია“. აღნიშნული დოკუმენტი ასახავს ბოლო დროს განხორციელებულ ყველა საკანონმდებლო ცვლილებას და არეგულირებს პოლიციელის უფლება-მოვალეობებს არჩევნების მსვლელობისას. დოკუმენტი ასევე განსაზღვრავს წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონით განსაზღვრულ ვალდებულებებს, სამინისტროს მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობებს, ასევე, მათთვის კანონით დადგენილ აკრძალვებსა და შეზღუდვებს. გარდა ამისა, ინსტრუქცია ითვალისწინებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევ პირთა მიმართ მოთხოვნილი და გამოყენებული ადმინისტრაციული სახდელები იყოს სამართალდარღვევის პროპორციული, რათა მომავალში უზრუნველყოფილ იქნას მსგავსი დარღვევების პრევენცია.